Thursday, June 10, 2010

ქართული ფოლკლორი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, სამეცნიერო-შემოქმედებითი ტიპის დაწესებულება საქართველოში, რომელიც შეიქმნა 2004 წ. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი წარმოადგენს "ხალხური შემოქმედების სახლისა" (1936) და "ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის" (1980) სამართალმემკვიდრეს და ექვემდებარება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. ცენტრის მუდმივი პრიორიტეტებია: ფოლკლორის სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ქართული ფოლკლორის კვლევა, პოპულარიზაცია და მსოფლიო კულტურულ პროცესებში ჩართვა. ცენტრის დირექტორია ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი.
საქართველოს განსაკუთრებით მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან ფოლკლორული მასალა ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ქართული ზეპირსიტყვიერება


ქართული ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია ხალხური ზეპირსიტყვიერებით. ჩვენამდე მოღწეული უამრავი ლექსი, სიმღერა, ზღაპარი თუ მითი და ლეგენდა, რომელიც ბევრმა იცის ზეპირად, ზუსტად ზეპირი სახითაა მოტანილი ჩვენამდე. აქედან გამომდინარე მას ვარიანტულობა ახასიათებს.
• ლეგენდები
• თქმულებები
• ხალხური გამოთქმები
• ანდაზები
• ლექსები
• აფორიზმები
• შაირები
• შეგონებები

ქართული ხალხური სიმღერა


ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა…
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ქორეოგრაფია


ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.